ჩვენს შესახებ

ჩვენ ვქმნით გამოცდილებებს

ღვინის სამშობლოს სავიზიტო ბარათი

ღვინის სმის დროს, ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, ვინ დაწურა პირველად ყურძენი და შექმნა ღვინო. ამ კითხვას პასუხი რამდენიმე წლის წინ, საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ქვევრმა გასცა. საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა, ხოლო ღვინის დაყენების ქართული მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადდა. ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიანი ტრადიცია და ქართული ენდემური ყურძნის ჯიშები წლებია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ღვინის მოყვარულებში.

 

მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობა საქართველოს ყველა რეგიონშია განვითარებული, მოგზაურებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მაინც კახეთის რეგიონი ახდენს. იგი ოდითგანვე ითვლებოდა ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ ცენტრად. კახეთში მოგზაურობისას გვერდს ვერ აუვლით ალაზნის ველზე გაშენებულ ვრცელ ვენახებსა და ათეულობით მარანს. თუმცა რეგიონის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას ყვარლის ღვინის გვირაბი წარმოადგენს – ადგილი, სადაც ქართული ტრადიციები, მეღვინეობის ისტორია და საბჭოთა მემკვიდრეობა საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს.

 

ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტული კომპლექსი მოიცავს კავკასიონის ქედის მასივში აშენებულ გვირაბებს, სადაც ძველდება მეღვინეობა ხარებას უნიკალური ღვინოები, ღვინის სადეგუსტაციო სივრცეს, ღვინის მუზეუმს, კულინარიულ ეთნო კუთხეს, ჭაჭის ტრადიციულ სახდელს, რესტორანს ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით, ვენახებსა და ვრცელ რეკრეაციულ ზონას. 2009 წლიდან დღემდე 2 მილიონზე მეტ სტუმარს ვუმასპინძლეთ და გავაცანით ქართული კულტურის ელემენტები, მეღვინეობის ტრადიციები და ადგილობრივი ადათ-წესები. უკვე 16 წელია, ჩვენი გუნდი ერთ მნიშვნელოვან მისიას ემსახურება – სტუმრებისთვის საინტერესო და დაუვიწყარი გამოცდილებები შევქმნათ.

 

ყვარლის ღვინის გვირაბის დაარსების ისტორია

საბჭოთა პერიოდის საქართველოში, კერძოდ, 1930-იან წლებში, მეღვინეობა ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად ყალიბდება. შეირჩა რამდენიმე უხვმოსავლიანი ყურძნის ჯიში, ალაზნის ველზე გაშენდა ახალი სავენახე მეურნეობები და დაარსდა ათეულობით ღვინის ქარხანა. ღვინის წარმოების მკვეთრი ზრდის ფონზე კი გაჩნდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საცავების საჭიროება. იმ პერიოდის საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ტექნოლოგიურად არ იყო დაწინაურებული, რის გამოც მეღვინეთა და არქიტექტორთა ჯგუფმა პრობლემის გადაჭრის მარტივი, თუმცა საკმაოდ ამბიციური იდეა წამოაყენა – კავკასიონის ქედის მასივში უნდა აშენებულიყო ღვინის საცავი გვირაბების მასშტაბური კომპლექსი, სადაც ბუნებრივი ტემპერატურა მუდმივად 12-14°C იქნებოდა, რაც ღვინის დავარგებისა და შენახვისთვის იდეალურ პირობებს შექმნიდა. რამდენიმე წლიანი მშენებლობის შემდეგ, ყვარლის ღვინის გვირაბი 1962 წელს ოფიციალურად გაიხსნა. იგი აერთიანებს ერთმანეთთან დაკავშირებულ 15 გვირაბს, რომელთა საერთო სიგრძე 7.7 კილომეტრია. ასევე მთის კალთაზე აშენდა განსაკუთრებული სადეგუსტაციო სივრცე, რომელმაც იმავე წელს წარმატებით უმასპინძლა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესს. დღეს კი უნიკალური ისტორიისა და არქიტექტურის მქონე ეს შენობა, სტუმრებს რესტორნის სახით მასპინძლობს. 

 

ყვარლის ღვინის გვირაბის ახალი სიცოცხლე

1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა – მომენტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. სოციალისტურიდან კაპიტალისტურ სისტემაზე გადასვლა მარტივი პროცესი არ იყო, თუმცა ახლად ჩამოყალიბებული ბიზნეს სექტორი ამ გამოწვევებს დიდი შემართებით შეხვდა. ქართულმა მეღვინეობამაც განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო და ამ პერიოდში მრავალი მეღვინეობა დაარსდა.

 

1995 წელს ძმები ხარებავები აფუძნებენ „მეღვინეობა ხარებას“ და ქმნიან ღვინოს, რომელმაც არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და საქართველოში ხარისხის ეტალონად იქცა. დღეისათვის ჩვენი ვენახები საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ჯამურად 1500 ჰექტარზეა გაშენებული და 30 ადგილობრივი თუ საერთაშორისო ყურძნის ჯიშიდან 70 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. ასევე ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ როგორც მემამულე მეღვინეობა, ღვინოს მხოლოდ ჩვენს ვენახებში მოწეული მოსავლისგან ვაყენებთ და ვაზის ფესვიდან დაწყებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა პროცესს განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით. სწორედ ხარისხისადმი ასეთი დამოკიდებულებებით აიხსნება ჩვენი საერთაშორისო ჯილდოების სიმრავლეც. მოხარულები ვართ, რომ ვფლობთ Decanter-ის, Mundus Vini-ს და სხვა პრესტიჟული კონკურსების მედლებს.

 

2006 წელს მეღვინეობა ხარებამ შეიძინა ყვარლის ღვინის გვირაბი, შეუნარჩუნა მას ღვინის საცავის ფუნქცია და ამავდროულად გარდაქმნა იგი ტურისტული მნიშვნელობის კომპლექსად. გვირაბის აღორძინების პროცესში განახლდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა ღვინის მუზეუმი, მოეწყო ეთნო-კულინარიული კუთხეები და გაშენდა ქართული ენდემური ჯიშების საკოლექციო ვენახი. დღეს ყვარლის ღვინის გვირაბი უნიკალური სივრცეა, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს ღვინის ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებით დაუვიწყარი გამოცდილებები და შთაბეჭდილებები მიიღონ.

ხშირად დასმული კითხვები

  • პრაქტიკული ინფორმაცია
  • სერვისები

რომელ საათებში მასპინძლობს ყვარლის ღვინის გვირაბი სტუმრებს?

ყვარლის ღვინის გვირაბი მუშაობს ყოველდღე დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. 

საჭიროა თუ არა ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა?

წინასწარ ჯავშნის გაკეთება აუციელებელი არ არის. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ესტუმროთ ყვარლის ღვინის გვირაბს, ადგილზე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სერვისი და ჩაერთოთ აქტივობებში. თუმცა მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი ჩვენი ვებგვერდიდან, ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო ზარით.

სად მდებარეობს ყვარლის ღვინის გვირაბი?

ყვარლის ღვინის გვირაბი მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ, ქალაქ ყვარელში. თბილისიდან ჩვენთან ჩამოსასვლელად დაახლოებით 2 საათი არის საჭირო. 

როგორ დავჯავშნო ერთდღიანი ტური, ვიზიტი ან/და სხვადასხვა სერვისი?

ერთდღიანი ტურის, ვიზიტის ან/და ყვარლის ღვინის გვირაბის სერვისების დასაჯავშნად რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  • დაჯავშნეთ სასურველი სერვისი ჩვენი ვებგვერდიდან
  • დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარით
  • გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტა ვიზიტის დეტალებით და სასურველი პაკეტით

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე

როგორ არის შესაძლებელი მომსახურების საფასურის გადახდა?

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით.

ადაპტირებულია თუ არა ყვარლის ღვინის გვირაბი შშმ პირებისთვის?

დიახ, კომპლექსი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოგზაურებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტულ და სასიამოვნო ვიზიტს.

არის თუ არა სხვა ტურისტული დანიშნულების ადგილები ყვარლის ღვინის გვირაბის სიახლოვეს?

დიახ, ყვარლის ღვინის გვირაბს იდეალური მდებარეობა აქვს საინტერესო და სასიამოვნო ერთდღიანი ტურის დასაგეგმად. ჩვენს სიახლოვეს შეგიძლიათ მოინახულოთ შემდეგი ღირსშესანიშნაობები:

  • ქალაქმუზეუმი სიღნაღი
  • თელავის ისტორიული ცენტრი და ერეკლე II-ის სასახლე
  • ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში
  • გრემის კომპლექსი
  • ნეკრესის მონასტერი

ზემოთჩამოთვლილი ადგილები კარგად წარმოაჩენენ კახეთის რეგიონის მდიდარ ისტორიასა და კულტურას, რაც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

აორგანიზებთ თუ არა ერთდღიან ტურებს თბილისიდან ყვარლის ღვინის გვირაბის მიმართულებით?

დიახ, ჩვენ ვაორგანიზებთ ერთდღიან ტურებს თბილისიდან კახეთის მიმართულებით. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდზე განყოფილებას „ერთდღიანი ტური“. დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ონლაინ მარტივად დაჯავშნოთ ტური.

აორგანიზებთ თუ არა კორპორატიულ წვეულებებს?

დიახ, ჩვენ შეგვიძლია დაინტერესებულ პირებს ან ორგანიზაციებს შევთავაზოთ სპეციალური კორპორატიული წვეულების პაკეტი ან დავგეგმოთ ღონისძიებები მათი ინტერესების მიხედვით. ჩვენი 10 წლიანი გამოცდილება არის დასამახსოვრებელი ღონისძიებების ჩატარების გარანტია.

რა სახის გამოცდილებები შეგვიძლია მივიღოთ ყვარლის ღვინის გვირაბში?

ყვარლის ღვინის გვირაბი სტუმრებს საინტერესო აქტივობების ვრცელ სპექტრს სთავაზობს, კერძოდ:

  • ღვინის დეგუსტაცია
  • რთველის სეზონზე ყურძნის დაკრეფა და დაწურვა საწნახელში
  • ქართული ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები
  • სარესტორნო სივრცე საქართველოს სხვადსხვა კუთხისათვის დამახასიათებლი ავთენტური  გემოებით
  • ქართული ფოლკლორი ცოცხალი შესრულებით

ჩვენთან გატარებული დრო გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, უკეთ გაეცნოთ ქართულ კულტურას და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს.

შეგვიძლია თუ არა გიდის მომსახურებით სარგებლობა?

დიახ, ჩვენს სტუმრებს ადგილზე დახვდებიან ადგილობრივი პროფესიონალი გიდები. სადეგუსტაციო პაკეტი მოიცავს გიდის მომსახურებას.  ტურის ჩატარება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

შემიძლია თუ არა ადგილზე შევარჩიო ჩემთვის საინტერესო აქტივობა?

დიახ, ჩვენთან ყველა სტუმარს შეუძლია შეარჩიოს შეარჩიოს მისთვის სასურველი აქტიოვობა. მაგალითად, გამოაცხოს თონეში კახური შოთი, მოამზადოს ხინკალი და აჭარული ხაჭაპური, ამოავლოს  ჩურჩხელა, რთველის დროს დაკრიფოს ყურძენი და დაწუროს საწნახელში ძველი ტრადიციისამებრ, თან ქართული ფოლკოლრის ფონზე. ჩვენი მიზანია, განიცადოთ ქართული ცხოვრების ავთენტური სტილი.

შესაძლებელია თუ არა რომ დამატებით რაიმე საინტერესო პერფორმანსი ვიხილოთ?

დიახ, თქვენ ადგილზე შეგიძლიათ ეზიაროთ ქართულ ფოლკლორს, რადგან ჩვენთან მოსულ სტუმრებს ხალხური სიმღერების ცოცხალი შესრულებით ესალმება ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი.

ღვინის გარდა, დამატებით რა პროდუქტების შეძენა შეგვიძლია ყვარლის ღვინის გვირაბში?

ყვარლის ღვინის გვირაბის საფირმო მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი წარმოების ღვინო, ჭაჭა, ღვინის ბრენდი, ყურძნის წიპწის ზეთი, ბიოსერტიფიცირებული თაფლი და ჩურჩხელა. ჩვენი პროფესიონალი ღვინის კონსულტანტები კი სიამოვნებით დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ღვინის შერჩევაში.

შესაძლებელია თუ არა ექსკლუზიური ღვინის შეძენა თქვენს საფირმო მაღაზიაში?

დიახ, ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიური და შეზღუდული რაოდენობით ჩამოსხმული  ღვინოების ასორტიმენტს, რომლებიც დაძველებულია ღვინის გვირაბში და  ხელმისაწვდომია მხოლოდ ყვარლის ღვინის გვირაბის მაღაზიაში.

რას გვთავაზობს ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორანი?

რესტორნის მენიუ სტუმრებს სთავაზობს ავთენტურ კერძებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და სპეციალურად მენიუსთვის შერჩეული ღვინის ფართო არჩევანს,  რათა ისიამოვნოთ კერძისა და ღვინის შეხამებული გემოებით.

არის თუ არა მენიუში ვეგეტარიანული ან ვეგანური კერძები?

დიახ, ჩვენ გთავაზობთ კერძების ფართო არჩევანს ადგილობრივი ქართული სამზარეულოდან, რომელიც სავსებით აკმაყოფილებს ვეგანების და ვეგეტარიანელების მოთხოვნებს.

ახლავს თუ არა ღვინის დეგუსტაციას ხემსის დაფა?

ღვინის გემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად, დეგუსტაციის დროს ღვინოს თან ახლავს ადგილზე გამომცხვარი თონის პური, ადგილობრივი ყველი და ჩვენი წარმოების ყურძნის წიპწის ზეთი.

ჩვენი საფირმო მაღაზიები

თქვენ გვირჩევთ, ჩვენ ვაუმჯობესებთ