ქართული ფოლკლორის ცოცხალი ტრადიცია

ქართული სიმღერა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკა – ის ისტორიის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ნაწილია.

ქართული ფოლკლორის ცოცხალი ტრადიცია

ქართული სიმღერა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკა - ის ისტორიის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის ნაწილია.

საუკუნეების მანძილზე ხალხური მუსიკა ქართული ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი იყო. შესაბამისად ის კარგად წარმოაჩენს ჩვენს მდიდარ წარსულს, ღირებულებებს, სიკეთესა და მამაცობას. ოდითგანვე დღესასწაულების, ლხინის, შრომის, მწუხარებისა თუ თუნდაც ომის დროს ფოლკლორი ქმნიდა ბედნიერების, გამძლეობისა თუ თავდაჯერების განწყობას. ამიტომ ქართველები დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მუსიკალურ ტრადიციებს.

ქართული პოლიფონიის უნიკალურობა

ქართული ფოლკლორის უნიკალურობა მის პოლიფონიაშია. სიმღერის შესრულების დროს რამდენიმე ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მრავალფეროვან მელოდიას ქმნის.  ეს უნიკალური საგალობლო სტილი ათასობით წელია რაც არსებობს და თაობიდან თაობას უცვლელი ტრადიციის სახით გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ UNESCO-მ ქართული პოლიფონია მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ყველა რეგიონს თავისი უნიკალური სიმღერის მანერა აქვს, და მთლიანობაში საქართველოში დაახლოებით 15 სხვადასხვა მუსიკალური სტილი გვხვდება.

უძველესი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტები

ქართველები მუსიკალურ ინსტრუმენტებს მრავალი საუკუნეა იყენებენ. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა სალამური (ფლეიტა), ჩანგი (არფა) და ლირა, ჯერ კიდევ წერილობითი ისტორიის გაჩენამდე შეიქმნა. ეს ინსტრუმენტები გამოიყენებოდა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე განსაკუთრებულ დღესასწაულებზე.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ინსტრუმენტი არის ფანდური – სამსიმიანი საკრავი, რომელიც ტრადიციულად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. არანაკლებ ცნობილია ჩონგურიც – ფანდურის ოთხსიმიანი ანალოგი, რომელიც უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში არის გავრცელებული. ორივე ინსტრუმენტი ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ კულტურაში და ძირითადად ლაღი, ენერგიული და საცეკვაო სიმღერების გასაფორმებლად გამოიყენება. 

ყვარლის ღვინის გვირაბის ფოლკლორული ანსამბლი ხალხურ სიმღერებს, სწორედ რომ ზემოთ ნახსენები საკრავების თანხლებით ასრულებს, რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ შეიგრძნონ მათი ავთენტური და მელოდიური ჰანგები.

მარჯვნივ შეგიძლიათ იხილოთ ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტები. შესაძლოა, აღმოაჩინოთ მსგავსება თქვენი ქვეყნის ეროვნულ საკრავებთან და წააწყდეთ საინტერესო კულტურულ კავშირებს. 

ცნობილი ქართული ხალხური სიმღერები

საქართველო ცნობილია თავისი გენიალური ხალხური სიმღერებით, რომლებიც საუკუნეებია თაობიდან თაობას გადაეცემა. ზოგიერთი მათგანი 1,500 წელზე მეტისაა და შესაბამისად, მსოფლიოს უძველესი ფოლკლორული სიმღერების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ცნობილი ქართული ხალხური სიმღერა. შეგიძლიათ, რომელიმე მათგანი YouTube-ზე მოძებნოთ და დატკბეთ მრავალხმიანი მელოდიებით. 

ჩაკრულო

NASA-მ ეს სიმღერა Voyager-ის მისიას ოქროს ფირით კოსმოსში გაატანა, როგორც დედამიწის მუსიკალური შემოქმედების ნიმუში.

მრავალჟამიერი

სადღესასწაულო სიმღერა, რომელიც თავისი შინაარსით მსმენელებს ლოცავს და დღეგრძელობას უსუვებს.

შენ ხარ ვენახი

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი, რომელიც ათასწლეულზე მეტია, რაც არსებობს.

ლილე

სვანური კულტურის უბადლო ნიმუში, რომელიც მზის სიდიადეს ეძღვნება

ფოლკლორი და ქართული მეღვინეობა

სიმღერა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართველთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი წინაპრები მიწის დამუშავებისა თუ სხვა ხელსაქმის დროს ყოველთვის მღეროდნენ და ამით შინაგან დადებით განწყობებს იქმნიდნენ. თუმცა განსაკუთრებით მჭირდო კავშირი ფოლკლორსა და მეღვინეობას შორის დამყარდა. შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანი ქართული კულტურის მოწინავე ტრადიციებია. ღვინის დაყენების ყველა ეტაპს, რთველიდან დაწყებული ქვევრის გახსნით დამთავრებული, მისი შესაფერისი ხალხური ჰანგები აფორმებდა. მაგალითად, რთველის დროს ძირითადად “ცანგალა და გოგონა”, ხოლო ქვევრის გახსნის დროს “მრავალჟამიერი” სრულდება. ალბათ, ნათელი წარმოსადგენია თუ რაოდენ ღრმად არის მუსიკა და ღვინო დაკავშირებული ერთმანეთთან.

როგორ ვაცოცხლებთ ტრადიციებს თქვენთვის?

ყვარლის ღვინის გვირაბში ყოველდღე თითოეულ სტუმარს აქვს შესაძლებლობა, შეიგრძნოს ქართული ხალხური ჰანგები. ჩვენი ადგილობრივი ანსამბლი ასრულებს ავთენტურ ფოლკლორულ სიმღერებს. გარდა ამისა წარმოდგენები გამდიდრებულია ტრადიციული ინსტრუმენტებითა და ქართული ეროვნული სამოსით. 

ღვინის ტურის დაწყებამდე ყველა სტუმარი უსმენს ხალხურ მელოდიებს, რაც მათ მყისიერად აკავშირებს საქართველოს მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობასთან. გარდა ამისა, განსაკუთრებულ მომენტებს, როგორიცაა რთველის დღესასწაული, ღვინის დაწურვის პროცესი და ქვევრის გახსნის ცერემონია, განსაკუთრებულობას სძენს ისტორიულად მნიშვნელოვანი სიმღერები, როგორებიცაა „ცანგალა და გოგონა“ და „მრავალჟამიერი“.

ყველა ეს ტრადიცია ერთ სივრცეში იკრიბება, ქმნის უნიკალურ გამოცდილებებ და სტუმრებს აჩვენებს თუ როგორ სრულყოფილად ეწყმის ერთმანეთს ღვინო, მუსიკა, ისტორია და სტუმართმოყვარეობა.

გაგონილს ნანახი ჯობია

ქართული ხალხური მუსიკა მხოლოდ გასართობად შექმნილი ფენომენი არ არის – იგი ერთგვარი ცხოვრების წესია. ფოლკლორული სიმღერები თაობიდან თაობას გადაეცემა და საერთო ტრადიციის გარშემო აერთიანებს ხალხს. ყოველდღიურ ცხოვრებაში, დღესასწაულებზე თუ ღვინის დაყენების პროცესში, ქართული სიმღერები კვლავაც შთააგონებს და აძლიერებს ერს. თავისი უძველესი ფესვებით, მდიდარი ჰარმონიებითა და ღრმა კულტურული მნიშვნელობით, ქართული ხალხური მუსიკა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ტრადიციად მსოფლიოში.